დამოუკიდებლობის ისტორია

← მთავარ გვერდზე დაბრუნება

ავტორი: რუსიკო კობახიძე

1918

1921

1921

1985

1989

2003

2012

2024

ახლა

დააჭირე თარიღს დეტალების სანახავად

„მთავრობაძე გარდაიცვალა. შეატყობინეთ ნათესავებსა და ახლობლებს“. - პეტროგრადიდან მოსული ამ დაშიფრული დეპეშით შეიტყო ქართველი სოცდეკების თბილისის კომიტეტმა ნიკოლოზ მეორის გადადგომის შესახებ. რუსეთის იმპერია ჩამოიშალა. თვითმპყრობელობა მოკვდა.

უმართავად დარჩენილი ქართული გუბერნიები სწრაფად ცდილობენ ახალ რეალობაზე გადაწყობას. იქმნება ეროვნული საბჭო და მერე ამიერკავკასიის ფედერაცია. საქართველოს ეკლესია ავტოკეფალიას იბრუნებს და ეგზარხოსის ინსტიტუტს ზურგს აქცევს. თბილისში იხსნება ქართული უნივერსიტეტი.

1918 წლის 26 მაისს საქართველო იღებს დამოუკიდებლობის დეკლარაციას და აცხადებს დამოუკიდებლობას: „ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“. - იკითხება პირველ მუხლში.

იწყება დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული სხეულის შექმნა - დამფუძნებელი კრების არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები, მთავრობის ფორმირება, ბრძოლა საგარეო ფრონტზე აღიარების მოსაპოვებლად, ჯარისა და ეროვნული გვარდიის აწყობა, ანარქიასთან და ბოლშევიკურ აჯანყებებთან გამკლავება, ოსმალეთის შემოჭრები, სომხეთთან ომი, ომი თეთრ რუსეთთან, წითელი რუსეთის თავდასხმები და თავდაუზოგავი წინააღმდეგობა.

ამ ბრძოლების ფონზე იხსნება ახალი ქართული სკოლები, იმ სოფლებში, სადაც სკოლის გახსნა ვერ ხერხდება, „მოძრავი სკოლები“ ჩადიან. ქართული ენა ბრუნდება სახელმწიფო ენად. იბეჭდება წიგნები და სახელმძღვანელოები, მთავრობა პოულობს სახსრებს სტუდენტების საზღვარგარეთ საწავლებლად გასაშვებად.

რეფორმირდება სასამართლო - შემოდის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ამერიკის დელეგაცია თავის მოხსენებაში აღნიშნავს, რომ სასამართლოს რეფორმა ყველაზე წარმატებული და გასაოცარი მოვლენაა ამ პატარა ქვეყნის ახალ სტრუქტურაში.

არსდება „ქართული ფილმა“, დიმიტრი არაყიშვილი წერს ქართულ ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“, ქართული ოპერის სცენაზე იდგმება „აბესალომ და ეთერი“, „ქეთო და კოტე“. დიმიტრი შევარდნაძე ქართველი მხატვრების გამოფენას აწყობს ყოფილი „რუსული დიდების ტაძარში“ - აქ პირველად გამოიფინა ფიროსმანი, გუდიაშვილი, გიგო გაბაშვილი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი...

ქართველი თავისუფლებით ტკბება, მაგრამ წითელ რუსეთს შეფარებული იოსებ სტალინი არ ისვენებს. 1921 წლის იანვარში პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს დე-იურე აღიარეს და მალე ის შეიძლება თავისუფალი სამყაროს სრულუფლებიანი წევრი გახდეს. სტალინი არწმუნებს ლენინს, რომ საქართველოს ანექსია გადაუდებელი აუცილებლობაა და საიდუმლო დეპეშით აცნობებს სერგო ორჯონიკიძეს: „ახლავე შეუტიე“.

1921 წლის 11 თებერვალს რუსული ბოლშევიკური არმიის დანაყოფები 5 მიმართულებიდან იჭრებიან საქართველოს ტერიტორიაზე. დამფუძნებელი კრება ზარბაზნების გრიალში ამტკიცებს საქართველოს პირველ კონსტიტუციას. კოჯორ-ტაბახმელის ფრონტზე მძაფრი ბრძოლების შემდეგ, 25 თებერვალს მთავრობა და ჯარი თბილისს ტოვებს. საქართველოს ტერიტორიაზე ბრძოლები 17 მარტამდე გრძელდება, სანამ მთავრობის ნაწილი ბათუმში გემზე ავა და ემიგრაციაში გაემგზავრება...

საქართველო 70-წლიან კომუნისტურ რეჟიმში ექცევა, კვდება თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი არჩევნები ქრება ეროვნული მეხსიერებიდან, ნადგურდება ყველა პარტია, კომუნისტურის გარდა. 1924 წლის აჯანყება მარცხით მთავრდება. სტალინი თავის ეთნიკურ სამშობლოს ბოლშევიზმის ცხელი უთოთი გადაუვლის და რუსეთს „უფროს ძმად“ დაუსვამს.

1985 წელს სსრკ-ს ახალმა გენმდივანმა, მიხეილ გორბაჩოვმა „პერესტროიკა“ გამოაცხადა. მარწუხების მოშვებამ მაშინვე გამოაღვიძა თავისუფლების ჩვევა და ახალი ეროვნული მოძრაობაც იშვა. მერაბ კოსტავა გადასახლებიდან ჩამოდის. იწყება მიტინგები, აქციები, საქართველო თავისუფლებას ითხოვს.

1989 წლის 9 აპრილს რუსის ჯარი უმოწყალოდ არბევს მშვიდობიან აქციას. ნიჩბებით ჩეხავს, გაზით წამლავს. მსხვერპლი დიდია, მაგრამ შეუგუებლობა და წინააღმდეგობა იზრდება. კომპარტია უკან იხევს და 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩევნებში მარცხდება ზვიად გამსახურდიასთან. 1991 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდია რეფერენდუმს ატარებს - 99%-იანი თანხმობა დამოუკიდებლობაზე და 1991 წლის 9 აპრილს საქართველო იბრუნებს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსს.

დამოუკიდებლობის 37 წელი სავსეა ტრაგიკული მოვლენებით - სამხედრო გადატრიალება, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვა, ეკონომიკური კოლაფსი და მაინც ხდება გარღვევა - 2003 წლის ვარდების რევოლუცია. ერთდროულად სასიხარულო და მტკივნეული რეფორმები. 2008 წელს რუსეთი კვლავ იჭრება საქართველოს ტერიტორიაზე და დამატებით ნაწილებს აჭრის სახელმწიფოს სხეულს. პრეზიდენტ სააკაშვილის რეიტინგი იკლებს. რუსული პროპაგანდა აქტიურად მუშაობს და 2012 წელს არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოდის ბიძინა ივანიშვილი - ის მალევე ჩრდილოვან მმართველად იქცევა და ნელ-ნელა ცდილობს ქართველს რუსეთისკენ მოუგრიხოს კისერი.

თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.